რა უნდა იყოს ცივ ნაყინზე უფრო სასიამოვნო ზაფხულის ცხელ დღეებში? ალბათ მხოლოდ სახლში მომზადებული დესერტი, რომელსაც საკუთარი ხელებით გააკეთებთ. დღეს ჩვენ გთავაზობთ შოკოლადის ნაყინის მარტივ რეცეპტს.
ეს არის თავად ჯეიმი ოლივერის – ცნობილი ინგლისელი მზარეულის, ტელეწამყვანისა და რესტორნის მმართველის რეცეპტი. მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ 5 ინგრედიენტი.
სახლში მოსამზადებელი შოკოლადის ნაყინი
ინგრედიენტები
- 100 გ შავი ან რძის შოკოლადი
- 300 მლ რძე
- 85 გ შაქარი
- 3 კვერცხის გული
- 300 მლ ნაღები
მომზადება
1. მოამზადეთ ჯერ შოკოლადი, დატეხეთ შოკოლადის ფილა, მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. დაასხით მას რძე და გაადნეთ, პერიოდულად კი ურიეთ. შემდეგ გააციეთ.
2. კვერცხის გულები შეურიეთ შაქარს და ათქვიფეთ სათქვეფით. შოკოლადის მასა წვრილი ჭავლით ჩაასხით ჰაეროვან თეთრ მასაში. შემდეგ კვლავ დადგით ეს ნარევი ცეცხლზე და მიიყვანეთ გასქელებამდე. თან ურიეთ. არ აადუღოთ, თორემ მისგან ნაყინი არ გამოვა.
3. ქვაბი ჩადგით ყინულიან წყალში და გააციეთ მასა, თან სულ ურიეთ. შემდეგ ნარევი ათქვიფეთ მიქსერით, კრემისებური მასის მიღების მდგომარეობამდე. ჩაამატეთ ნაღები რძისა და შოკოლადის ნარევში და კარგად აურიეთ.
4. ნაყინი გადაიტანეთ ფართო ფორმაში, დააფარეთ მას საკვები ცელოფანი და შედგით საყინულეში 3 ან 4 საათით. მზად არის!
რჩევა რედაქციისგან
ნაყინი ის კერძია, რომლის რეცეპტიც ზედმიწევნით უნდა დაიცვათ პროპორციებისა თუ ინგრედიენტების გათვალისწინებით. აუცილებელი კომპონენტებია ნაღები, რძე, შაქარი. რაც შეეხება გამასქელებელს, ის შეგიძლიათ შეცვალოთ: ისინია კვერცხის გული, სახამებელი, აგარ-აგარი, ჟელატინი ან ლიმონის წვენი. ნაყინი უფრო ნაზი რომ გამოვიდეს, გირჩევთ შაქრის ნაცვლად გამოიყენოთ შაქრის პუდრა. ხოლო თუ გსურთ ხავერდოვანი ტექსტურა, დესერტში გამოიყენეთ რძის ფხვნილი.
თქვენ თუ მოგიმზადებიათ ნაყინი სახლში? თუ ასეა გაგვიზიარეთ რეცეპტი კომენტარებში! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!